გლულამი - ეკომეგობრული საშენი მასალა

თანამედროვე არქიტექტურისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაა. საბედნიეროდ, მდგრადი არქიტექტურის პრინციპები სწრაფი ტემპით იმკვიდრებს ფეხს სამშენებლო ინდუსტრიაში და სულ უფრო და უფრო მეტი გადამუშავებადი, ეკოლოგიურად მეგობრული მასალა გამოიყენება მშენებლობის დროს, რაც ერთის მხრივ გვეხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოსადმი მიყენებული ზიანი, მეორეს მხრივ კი, შევთავაზოთ საზოგადოებას ჯანსაღი სივრცეები.
სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში გვინდა გესაუბროთ მდგრად არქიტექტურაში ფართოდ გამოყენებად ეკომეგობრულ მასალაზე - გლულამზე.
გლულამი არის შეწებებულ-ლამინირებული ხე, რომელიც უმეტესწილად მზადდება წიწვოვანი ხისგან, თუმცა შესაძლებელია მისი დამზადება სხვა ტიპის, მაგალითად, მუხის, არყის ან ალუბლის ხისგან. გლულამის მისაღებად ხდება ხის ლამინირება და ერთმანეთთან შეწებება ტენიანობისადმი გამძლე წებოთი, რის შემდეგაც მიღებული მასალა იპრესება შესაბამისი ტექნოლოგიის საშუალებით.
დღეს არსებული ტექნოლოგიით დამუშავებული გლულამი გამოირჩევა სიმყარით და გამძლეობით, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ის გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმისა და ზომის სტრუქტურის შექმნისას.


გლულამის უპირატესობები
ეკოლოგიურად მდგრადი მასალა
ხე ბუნებრივად განახლებადი რესურსია და ხის სამშენებლო მასალების გამოყენება ესთეტიკური უპირატესობების გარდა, მდგრადი განვითარებისა და დიზაინის პრინციპებზეა დაფუძნებული. გლულამის დამუშავება მცირე ენერგიას მოითხოვს და ამცირებს ნახშირბადის ნაკვალევს. ამასთან, ამასთან, მასიური სტრუქტურების შექმნისას, გლულამის გამოყენებისას ნარჩენი ნახერხი მასალა ნაკლებია, რაც რაც პოზიტიურად აისახება გარემოსადმი მიყენებულ ზიანზე და ცხადია, რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა.
ძლიერი და მყარი მასალა
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლულამი წარმოადგენს ბეტონისა და ფოლადის ნატურალურ ალტერნატივას, რომლის მთავარ სტრუქტურულ მასალად გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სახის მშენებლობისას.
გლულამის გამძლეობა და სიმყარე მასშტაბურ სტრუქტურებში განაპირობებს ნაკლები რაოდენობის სვეტებისა და სხვა დამხმარე კონსტრუქციული ელემენტების საჭიროებას. გლულამის კოჭი ფოლადის კოჭთან შედარებით მეტად მყარი. ხოლო სხვა ტრადიციული ხის მასალასთან შედარებით, გლულამი მეტად მყარია და ნაკლებად დეფორმირდება დროთა განმავლობაში.

გარემო პირობების მიმართ მდგრადი მასალა
შესაბამის გარემოში სწორად გამოყენებული გლულამის სტრუქტურები, ფაქტობრივად, სამუდამოა. ხშირად უჩნდებათ ეჭვი, რომ გლულამი მარტივად ზიანდება ისეთ გარემოში, სადაც სიმშრალის შენარჩუნება რთულია. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია გლულამის დამზადებისას გამოიყენებოდეს სწორად შერჩეული ხის სახეობა, მაგალითად ბამბუკი. შესაბამისად, გარემო ფაქტორები არ წარმოადგენს ამ მასალისთვის დაბრკოლებას. ასევე წყალგამძლეა გლულამში გამოყენებული შემაერთებელი ნივთიერებები, რომლებიც წებოს როლს ასრულებს.
აღსანიშნავია გლულამის რეზისტენტულობა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისას - wesbeam-ის, ავსტრალიური ხე-ტყის მასალების მწარმოებელი კომპანიის, კვლევის მიხედვით, ხე ძლიერი მჟავების ზემოქმედებისგანაცაა დაცული, მათ შორის ისეთებისგან, რომელთა მაჩვენებელი pH სკალაზე 2-ის ტოლია.
ცეცხლმედეგი მასალა
ხე ხშირად მიიჩნევა ადვილად აალებად მასალად, თუმცა გლულამის შემთხვევაში ეს თეორია მცდარია. შეწებებულ-ლამინირებულ ხეს აქვს მაღალი ცეცხლმედეგობა და ნებისმიერ კონსტრუქციულ თუ სამშენებლო რეგულაციას აკმაყოფილებს. ძლიერი ხანძრის შემთხვევაშიც კი მისი სტრუქტურა რთულად დეფორმირდება და ინარჩუნებს თავის მექანიკურ მახასიათებლებს. როდესაც გლულამის მორს ცეცხლი ეკიდება, მის სტრუქტურული შიგთავსის ირგვლივ ყალიბდება ნახშირბადის შრე, რომელიც გლულამს ჟანგბადისა და სიცხის წყაროს უკეტავს და მას დაწვისგან იცავს. ბრიტანული კომპანიის, Glulam Solution-ის მიხედვით, გლულამის წვის სიჩქარეა წუთში 0.7 მილიმეტრი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამიტომ ძვირადღირებული, ხანძრისგან დამცავი საღებავით მისი დაფარვა სულაც არაა საჭირო.

ეკონომიკურად ეფექტური მასალა
გლულამის ტექნოლოგიას აშშ-ში უკვე 75, ევროპაში კი 100 წელზე მეტია იყენებენ. გლულამის ტექნოლოგიის ხით მზადდება როგორც უშუალოდ კონსტრუქციული ელემენტები - სვეტი, კოჭი თუ სხვადასხვა ფორმის ფერმა, ისე კედლები და სხვა დამხმარე სტრუქტურული თუ არქიტექტურული ელემენტები. შესაბამისად, გლულამის არჩევის შემთხვევაში სამშენებლო კომპანიებს ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალება ეძლევათ - სხვადასხვა მასალის შეძენის ნაცვლად, მათ შეუძლიათ ყველა საჭირო დეტალი გლულამით დაამზადონ.
გლულამის კიდევ ერთი დადებითი მხარეა სტრუქტურული კომპონენტების სხვა კონსტრუქციული ელემენტებით მოპირკეთებისა თუ დაფარვის აუცილებლობის არარსებობაა, რაც დადებითად აისახება სამშენებლო ბიუჯეტზე.

მდგრადი არქიტექტურის პრინციპები MUA-ს პრაქტიკაში საფუძვლიანადაა დამკვიდრებული. გლულამის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სტრუქტურული უპირატესობებიდან გამომდინარე, სწორედ გლულამია შაორის ტბის სასტუმროს პროექტის მთავარი საშენი მასალა, რომელიც გვხვდება როგორც ექსტერიერში, ასევე, ინტერიერში. გარდა კონსტრუქციული უპირატესობისა, გლულამის ხილული სტრუქტურული ჩარჩო ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი სასტუმროს შენობის არქიტექტურული ხასიათის მატარებელია.

