სასტუმრო შაორის ტბაზე
ლოკაცია: შაორი, რაჭა, საქართველო
პროექტის წელი: 2022
სტატუსი: კონკურსი
























პროგრამა: სასტუმრო | 30 000 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა, ნატალია ნებიერიძე, დაჩი ჭეჟია, სალომე კაცაძე, თეონა რეხვიაშვილი, ლილი ჯოხაძე, მარიამ გონგლაძე, გიორგი იაშაღაშვილი
კოლაბორაცია: Paralel Visualization Studio
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ტბის სანაპიროზე. საპროექტო ტერიტორია გარშემორტყმულია შერეული ტყეებით. მის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა და სხვა არაერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, რაც აღნიშნული ტერიტორიის საინტერესო მდებარეობას უსვამს ხაზს.
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა, ნატალია ნებიერიძე, დაჩი ჭეჟია, სალომე კაცაძე, თეონა რეხვიაშვილი, ლილი ჯოხაძე, მარიამ გონგლაძე, გიორგი იაშაღაშვილი
კოლაბორაცია: Paralel Visualization Studio
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ტბის სანაპიროზე. საპროექტო ტერიტორია გარშემორტყმულია შერეული ტყეებით. მის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა და სხვა არაერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, რაც აღნიშნული ტერიტორიის საინტერესო მდებარეობას უსვამს ხაზს.
რაჭის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ, ინტერესი დღითიდღე იზრდება და ხდება ტურიზმისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი. რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული და აუთვისებელი კუთხეა, რომლის არქიტექტურა ადგილობრივი მასალის - ხის - დამუშავების კულტურითა და მისი ინტერიერ-ექსტერიერში გამოყენების ტექნიკით გამოირჩევა. შაორის ტბაზე სასტუმროს დაპროექტებამ რაჭის ისტორიული, გეოგრაფიული და არქიტექტურული ტრადიციების გააზრებისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შექმნის უნიკალური საშუალება მოგვცა.
საპროექტო არეალის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტერიტორიას გააჩნია ბუნებრივი რესურსებითა და ნაკვეთის ფორმით წარმოქმნილი მკაფიო მიმართულება და ორიენტაცია. სწორედ ადგილის ფიზიკური სურათით ნაკარნახევი განპირობებული მიმართულება გადაიქცა არქიტექტურულ კონცეფციად. საპროექტო სიბრტყეზე დახრილი კუთხით განთავსებულმა ღერძმა შეითავსა ისრის ფუნქცია, რომელიც იქცა სასტუმროს შენობის განთავსების მიმართულებად და მისი სივრცული გადაწყვეტა განაპირობა - გამოიკვეთა ტბისკენ მიმართული გრძივი ნაგებობა, ორმხრივად გახსნილი პანორამული ხედებით.
წყლისკენ გაშვერილმა ღერძმა შემოკრიბა ყველა ფუნქცია და გრძელი ბანის მეშვეობით ნაპირის მიმართულებით გრადაციულად განვითარდა. ბანი, როგორც გამანაწილებელი და შემკრები სივრცე, გახდა სასტუმროს გრძივი გაგრძელება და მისი პირდაპირი კავშირი წყალთან.
სასტუმროს შენობის გარდა, გენერალური გეგმა მოიცავს რეკრეაციულ-გასართობ ფუნქციებს, როგორებიცაა ბარი-ლაუნჯი, შიდა და გარე საცურაო აუზი, რესტორანი ტერასით, სპა ცენტრი, სავარჯიშო და საკონფერენციო დარბაზი, ამფითეატრი, ხელბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთისა და სხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი ტერიტორიები, იოგის სივრცე და სხვ.
საპროექტო შენობის სამშენებლო მასალების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა ხეს - ერთის მხრივ, პრიორიტეტული იყო მდგრადი განვითარებისა და დიზაინის პრინციპები, მეორეს მხრივ კი რეგიონისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი მასალის გამოყენება. სასტუმროს მთავარი კონსტრუქციული და არქიტექტურული მხარე შესრულებულია გლულამით - შეწებებულ-ლამინირებული ხით, რომელიც ინოვაციური, ფართოდ გამოყენებადი სამშენებლო მასალაა და მარტივად უზრუნველყოფს მასშტაბური სტრუქტურის საიმედოობასა და სიმყარეს.
გარდა კონსტრუქციული უპირატესობისა, გლულამის ხილული სტრუქტურული ჩარჩო სასტუმროს არქიტექტურული ხასიათის მატარებელია.
გლულამის დამუშავება გაცილებით ნაკლებ ენერგიასა და ნახშირბადის ნაკვალევს მოითხოვს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე. გარდა ამისა, გლულამის ტექნოლოგიის გამოყენება გულისხმობს სხვა მასალის კონსტრუქციული ელემენტების შემცირებას, რაც რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა.
ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მდგრადი არქიტექტურის პრინციპების პროექტში ინტეგრაციის მიზნით, სასტუმროს შენობის სახურავზე გამოყენებულია მზის ფოტოვოლტარული პანელები, რომლებიც მწვანე ნაგებობების პროექტირებისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ის წარმოადგენს განახლებად რესურსს და ამარაგებს შენობას ენერგიით მთელი წლის განმავლობაში.