MUA მართვის ახალ მოდელზე გადადის

MUA-ს გუნდში ცვლილებებია, მართვის ახალი მოდელი გულისხმობს ასოცირებული პარტნიორების პოზიციის გაჩენას. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე MUA-ს მეტნაკლებად „ტრადიციული“ მოდელი ჰქონდა. კომპლექსური ორგანიზაციული დიაგრამა სრულად ასახავდა მუას გამოცდილებას, მორგებული იყო გუნდის სამუშაო სტილს, ამასთანავე, ითვალისწინებდა გლობალურ გამოცდილებას და ლოკალურ კონტექსტს. 

ახალი მართვის მოდელზე გადასვლის იდეა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა დამფუძნებლებს შორის. იყო განხილვები სხვადასხვა მიმართულებით, კვლევა არსებული მაგალითების. საბოლოოდ, ასოცირებული პარტნიორის როლის გაჩენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო MUA-სთვის.კომპანია საკმაოდ გაიზარდა, ასევე, გაიზარდა პროექტების მასშტაბი და კომპლექსურობა. საჭირო გახდა მმართველი გუნდის გაძლიერება და ახალი ხედვების მქონე ადამიანების შემოერთება.

ვინ არიან ასოცირებული პარტნიორები: 

გიორგი ხეცურიანი – მუას გუნდს შემოუერთდა 2016 წლიდან არქიტექტორის პოზიციაზე და ახლა დიზაინის დეპარტამენტის დირექტორია. მუშაობს სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ პროექტებზე, როგორიცაა სასტუმრო ჰემპტონი და საცხოვრებელი კომპლექსი, ბათუმი რივიერას გენერალური გეგმა და განვითარების კონცეფცია, სანავარდოს გენერალური გეგმა და კონცეფცია, საქანელას ქუჩის განვითარების კონცეფცია და სხვ.

მარიტა რურუა – MUA-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა და დღეს მისი ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი და დიზაინის დეპარტამენტის დირექტორია. მისი საქმიანობა მოიცავს პროექტების დამუშავებას კვლევის, კონცეფციის განვითარების ეტაპიდან მის განხორციელებამდე. გარდა არქიტექტურისა, აქტიურად არის დაინტერესებული თანამედროვე ხელოვნებისა და ციფრული მედიის მიმართულებებით და არის ქართულენოვანი არაკომერციული ციფრული გამოცემის „-უ არქიტექტურული ჟურნალის“ ავტორი.

მარია ფელანგია – MUA-ს დიზაინ მენეჯმენტის დეპარტამენტის დირექტორი და ასოცირებული პარტნიორი. ის გუნდს 2018 წელს არქიტექტორის პოზიციაზე შემოუერთდა. მარია ხელმძღვანელობს სხვადასხვა მსხვილმასშტაბიან და მულტიდისციპლინურ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით პროექტებს. ასევე, უძღვება შემეცნებით პროექტებს და სხვადასხვა ხასიათის ვორქშოფებს. დაინტერესებულია მიტოვებული და დაცლილი სოფლების არქიტექტურით და ეთნოგრაფიით, რაც მისი კვლევების მთავარ თემას წარმოადგენს.

ნატალია ნებიერიძე – MUA–ს გუნდს 2017 წელს შემოუერთდა და პროექტირების მენეჯმენტის (Design management) დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურულ, ქალაქგეგმარებით, კვლევით და სახელოვნებო პროექტებს. ნატალიას საავტორო პროექტია “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა”, რომლის მიზანიც თბილისში არსებული ინდუსტრიული შენობების აღრიცხვა და ერთად თავმოყრა იყო. ნატალიას ინტერესები არქიტექტურის მიღმა თანამედროვე ხელოვნება და მისი სხვადასხვა ფორმაა. ბოლოდროინდელი ნამუშევრები ძირითადად სივრცეზე ორიენტირებული ინსტალაციები და პერფორმანსებია.