თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ჩვენი პროექტი ეძღვნება თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების აღრიცხვას, მათ შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოგროვებას და საერთო ბაზის შექმნას. საქართველოსგან განსხვავებით, ინდუსტრიული მემკვიდრეობისა და მისი შენარჩუნების საკითხი დღეს საკმაოდ ხშირად განიხილება საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის კონტექსტში ამ თემის წინ წამოწევა პროექტის გრძელვადიან მიზანსაც წარმოადგენს.
ბლოგში წარმოგიდგენთ თბილისში არსებული ინდუსტრიული შენობების მცირე ნაწილის ფოტოებს, რომლებიც შევარჩიეთ კვლევის ფოტოპროექტისთვის.
ფოტოპროექტის გამოფენა შედგა 2020 წლის ოქტომბერში, არტარეას საგამოფენო სივრცეში.
გამოფენის ვირტუალური ტური შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://mua.ge/the_industrial_heritage_of_tbilisi/
თბილისის მაუდ-კამვოლის ფაბრიკა/კომბინატი
კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა
თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა
ქარხანა "სარაჯიშვილი"
ცენტროლიტი
კარკასულ-პანელოვანი ქარხანა "მაღლივმშენი"
იხილეთ ჟურნალის "ინდიგო" გადაღებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=kooYb7tVRmM
თბილაბრეშუმი
ქალაქ თბილისის "სამტრესტის" ძმრის ქარხანა
იხილეთ ჟურნალის "ინდიგო" გადაღებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=pbg7NFNvn90
ნაციონალური პურის ქარხანა
საინტერესოა ის გზა, რაც საწარმოო ნაგებობების განვითარებამ გაიარა მე-19 საუკუნის კაპიტალისტური მანუფაქტურებიდან საბჭოთა კოლექტიურ ინდუსტრიალიზაციამდე და შემდეგ, დღევანდელ პოსტსაბჭოთა ნეოლიბერალურ ეკონომიკამდე.
საქართველოში მსხვილი ვაჭრობის განვითარება და ქარხნული წარმოების მეთოდების შემოღება უკვე მე-19 საუკუნიდან იწყება. თბილისმა ამ დროისთვის დაიმკვიდრა ადგილი როგორც სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციულმა და კულტურულმა ცენტრმა, ასევე განმტკიცდა მისი, როგორც კავკასიის სამეწარმეო ცენტრის სტატუსი. ქალაქში უხვად გაჩნდა ხელოსნური საწარმოები, მომრავლდა სავაჭრო დაწესებულებანი, მანუფაქტურები, აიგო ახალი შენობები, დასახლდა ახალი უბნები. სამწუხაროდ, ამ პერიოდის ნაგებობებიდან, მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი.
ინდუსტრიული შენობების გაჩენა კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპია. სამრეწველო ნაგებობების მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნ(ებ)ის ეკონომიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში. ამასთანავე ამან დიდი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის არქიტექტურაზეც.
თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა
თბოელექტროცენტრალი - თბილისის ელექტროქვესადგური (თეცი)
პურის ქარხანა #1
თამბაქოს ქარხანა
დასავლეთში მექანიზებული წარმოება განსაკუთრებით აქტუალური გახდა I მსოფლიო ომის ფართომასშტაბიანი განადგურების ფონზე. ისეთი სამრეწველო მასალების გამოყენება, რომელთა მასობრივი წარმოება სწრაფ მშენებლობას უწყობდა ხელს, გადამწყვეტი იყო ომის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ უზარმაზარ აღმშენებლობით პროცესში. გასაბჭოებულ რესპუბლიკებში აქტუალური ხდებოდა ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართული მუშათა კლასის საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება. II მსოფლიო ომის შედეგად განადგურებულ საბჭოთა კავშირში კი გამძაფრდა საცხოვრებელი ფართის პრობლემა. ამასთან, საგრძნობლად გაიზარდა ქალაქების ზომა და მოსახლეობის რაოდენობა, შედეგად - საცხოვრებლის დეფიციტიც.
წარმოებისა და საბინაო მშენებლობის წინსვლა დიდი ზომის საწარმოების შექმნის აუცილებლობას მოითხოვდა. ეს კი საშენი მასალის ინდუსტრიალიზაციას უკავშირდებოდა. ამ პროცესებში რკინაბეტონის ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა, როგორც სამეწარმეო, ისე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი არქიტექტურის სრულიად ახლებური სახე. ამან საფუძველი ჩაუყარა მე-20 საუკუნის ისეთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ მიმდინარეობას, როგორიცაა საერთაშორისო სტილი (International style). ის წარმოიშვა 1910-იან წლებში არქიტექტურული და პოლიტიკური აზროვნების რამდენიმე დინებიდან. პირველ რიგში, ეს იყო აღფრთოვანება
თანამედროვე ინდუსტრიული შენობებით, განსაკუთრებით ქარხნებით, ანგარებით და საწყობებით, რომლებიც მოითხოვდნენ უტილიტარულ და პრაგმატულ დიზაინს - ბუნებრივ განათებას და მოქნილ შინაგან სივრცეს
დანადგარებისა ან დიდი რაოდენობით საქონლის შესანახად, მაქსიმალურად სადა სტრუქტურის მინიმალური მხატვრული გაფორმებით.
საბჭოთა კავშირში საერთაშორისო სტილმა უფრო ადრე იქონია გავლენა ინდუსტრიულ შენობებზე, ვიდრე საზოგადოებრივ თუ საცხოვრებელ სახლებზე, რისი მიზეზიც სოციალისტური რეალიზმი იყო. სწორედ ინდუსტრიულ შენობებში
ჩანს ამ სტილისთვის დამახასიათებელი ის მთავარი არქიტექტურული ნიშნები, როგორებიცაა ფართო, გახსნილი და ნათელი სივრცეები, სარკმელთა ჰორიზონტალური ლენტები, ყრუ პარაპეტები და ბეტონის „შეულამაზებელი“ კედლები.
თბილისის წისქვილკომბინატი იგივე ფქვილის ქარხანა
იხილეთ ჟურნალის "ინდიგო" გადაღებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=uf7i0EdkV1Q
"საქეთერზეთის" ტრესტის სარემონტო-მექანიკური კომბინატი
თბილისის კერამიკული კომბინატი
საცდელი ქარხანა "აგრეგატი"
(პანდემიით გამოწვეულ) შეზღუდული კვლევის პირობებში ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ მხოლოდ თბილისში არსებული საწარმოო ნაგებობებით და ყურადღებას ვამახვილებთ მე-20 საუკუნის დანატოვარზე. სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო ამ საწარმოო ნაგებობების არქიტექტურული პროექტების, შესაბამისად, მათი ავტორების მოძიება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ განადგურებულია მრავალი სამშენებლო თუ საპროექტო კომიტეტის არქივი. ისევე, როგორც თითქმის განადგურებულია ამ კომიტეტების დაკვეთით აშენებული საწარმოები. ჩვენ მიერ კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული და აღწერილი შენობებიდან დღეს ყველა კერძო საკუთრებაშია.
მხოლოდ ერთეული საწარმოები მუშაობენ თავდაპირველი, ან მსგავსი ფუნქციით. უმეტესობა სივრცეებისა გაქირავებულია სხვადასხვა ბიზნესზე, შესაბამისად ისინი გადაკეთებული და ახალ ფუნქციებს მორგებულია. ბევრი მათგანი კი, სამწუხაროდ, დაშლილ, დანგრეულ და გაძარცვულ მდგომარეობაშია. მაშინ როდესაც ინდუსტრიული მემკვიდრეობის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტი (TICCIH) არა მხოლოდ ინდუსტრიული ადგილების და ნაგებობების, არამედ მასთან დაკავშირებული დანადგარების და ტექნიკური აღჭურვილობის შესანარჩუნებლად იბრძვის, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში, სამწუხაროდ, მხოლოდ შენობა-ნაგებობების და ინდუსტრიული ტერიტორიების კონსერვაციისა და ადაპტაციაზე გვიწევს ყურადღების გამახვილება.
ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მრავალფეროვანი და მრავალშრიანი ისტორიული და კულტურული უნიკალურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ღირებულებების გათვალისწინება.
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე
პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი: თათა გაჩეჩილაძე
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
ფოტოგრაფი: ანგას ლედლი ბრაუნი
ხმა: ნათია სართანია და CES
ვიდეო: ინდიგო
პროექტის მონაწილეები MUA-ს გუნდიდან: მარიამ (მარიკა) კვირკველიძე, ანა მარდალეიშვილი, ქეთი კაჭარავა, გიგა ქარელი, დავით წელაური, უჩა ზღუდაძე და ლილუ ძიმისტარიშვილი.

განსაკუთრებული მადლობა: არტარეას გალერეას, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, ჯესი ვოგლერს, დავით ბოსტანაშვილს. ასევე, მადლობა პროექტის საწყის ეტაპზე კონტრიბუციისთვის ნოდარ კვანჭიანს. 

კვლევაში მონაწილეობდნენ: ანა ყიფიანი, ანი ჩუხრუკიძე, ანანო კვაჭანტირაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნინო თოგოშვილი, თამარ ხარებაშვილი, თამუნა ჩერქეზიშვილი, მაქი კვიციანი, დეა ტრაპაიძე, ნინოლა ჯინჯიხაძე, ნინო გოცირიძე, სალი კახაბერი, ირინა მასხულია, ნიკალა ღლონტი, რატი კუპატაძე, ანა თვარაძე, გიორგი სართანია, ლუკა გვანცელაძე.