Book of The Month / ივლისი: თანამედროვე არქიტექტურის თეორიები და მანიფესტები

“The first architectural manifesto, or rules for decorum, was God’s Ten Commandments. Plato called God “the architect of all things”, and architects play God when they make arbitrary decisions and adopt one theory rather than another.” - Charles Jenks, The Volcano and the Tablet, Theories and Manifestoes of Contemporary Architecture. 
კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით, მანიფესტი პოლიტიკური პარტიის, ხელოვანთა გაერთიანებებისა ან სხვა დაჯგუფებების მრწამსის, მიზნებისა და ტაქტიკის წერილობითი განაცხადია. თუმცა, არქიტექტურული მანიფესტი მოცემულობების გადმოცემასთან ერთად, სიახლეთა ძებნასაც ემსახურება და იდეათა დაბადების სივრცედაც იქცევა. 

“თანამედროვე არქიტექტურის თეორიები და მანიფესტები” მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემულ არქიტექტურულ მანიფესტებსა და თეორიებს აერთიანებს, რომლებიც არქიტექტურის ენას, ევოლუციასა და სოციალური რელევანტურობის შესაძლებლობებს იკვლევენ. წიგნის ავტორები, ჩარლზ ჯენკსი და კარლ კროპფი წერენ, რომ ამ პერიოდში არქიტექტურა კრიზისს განიცდიდა, აქტუალური ურბანული და ეკოლოგიური პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმჟამინდელ ორთოდოქსულ მოდერნიზმს, რომელსაც აკრიტიკებდნენ და დაცემას უწინასწარმეტყველებდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა მოდერნიზმის პრინციპების გადააზრება. 

მიმდინარე პროცესებმა ახალი თეორიების კასკადი გამოიწვია. აქტიურად იწერებოდა ტექსტები, "რეცეპტები" და განხილვები შენობებისა თუ სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობებისა და მახასიათებლების შესახებ. “თანამედროვე არქიტექტურის თეორიებისა და მანიფესტების” პირველი გამოცემა 1997 წელს დაიბეჭდა და მისი სახით ამ პერიოდის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძვრების თანმიმდევრული კოლექცია შეიქმნა, რომელშიც მეოცე საუკუნის მთავარი არქიტექტურული მოაზროვნეების ნამუშევრებია გაერთიანებული, მათ შორის ლე კორბუზიეს, ზაჰა ჰადიდის, ალდო როსსის, რემ კოოლჰაასის, ტადაო ანდოსა და სხვათა მანიფესტები და თეორიები. 

“თანამედროვე არქიტექტურის თეორიებისა და მანიფესტების” მეორე გამოცემა 2006 წელს დაიბეჭდა და მოიცავს დამატებით 20 ტექსტს, რომლებიც მოდერნიზმის კრიზისის შემდგომ განვითარებულ "ახალ პარადიგმას" და "კომპლექსურობის" კვლევას ეხება. 

ჩვენი აზრით, ეს წიგნი მათთვისაა საინტერესო, ვინც დაინტერესებულია არქიტექტურული იდეების განვითარების ისტორიით და შთაგონების ძიების პროცესშია. აქ მოცემული თეორიები და მანიფესტები მკითხველს კარს უღებს მეოცე საუკუნის არქიტექტურის გამოწვევებისკენ, წარმოდგენას უქმნის სხვადასხვა საკულტო შედევრების შემქმნელი არქიტექტორების ფილოსოფიისა და პრინციპების შესახებ და ტოვებს თავისუფალ სივრცეს ინტერპრეტაციისთვის. 

ჯენკსისა და კროპფის წიგნი ერთგვარი გზამკვლევია არქიტექტურის დისციპლინაში, რომელიც მეოცე საუკუნეში გარდაისახა სწორედ იმ მოაზროვნეების გავლენით, რომელთა მანიფესტებიც ამ გამოცემაშია თავმოყრილი.

წიგნის გამოწერა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე, თუმცა არსებობს მისი PDF ვერსიებიც.