Book Of The Month / სექტემბერი: How to Win Work by Jan Knikker

„შესანიშნავი არქიტექტორი ხარ, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის. რა უნდა იყოს შენი შემდეგი ნაბიჯი?” - ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს იპოვით იან კნიკერის ნამუშევარში   “How To Win Work” - წიგნში, რომელიც #BookOfTheMonth რუბრიკის ფარგლებში სექტემბრის თვის რჩეულ წიგნად ავირჩიეთ.  

არქიტექტურული დიზაინის შექმნის პროცესი ხშირად სრულიად ენთუზიაზმით, წრფელი ინტერესითა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების სურვილითაა შთაგონებული. თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესს, არქიტექტურულ კომპანიას ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება ფინანსები და პროექტების გაყიდვა, შესაბამისად კი მარკეტინგი და ბიზნესის განვითარება, რაშიც დროისა და რესურსის ჩადებას არქიტექტორები ხშირად გაურბიან. 

გლობალური არქიტექტურული კომპანიის, MVRDV-ს პარტნიორის, იან კნიკერის წიგნი „How To Win Work” არქიტექტორებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულ, თუმცა ცნობადობის გასაზრდელად აუცილებელ მიმართულებებს - მარკეტინგს, საზოგადოებრივ ურთიერთობებს და ბიზნესის განვითარებას ეხება და ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული წიგნია მათთვის, ვისაც თავიანთი არქიტექტურული ოფისის განვითარება და გაძლიერება სურს. 

ავტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე არქიტექტორების მაგალითებს და მათ დაგროვილ გამოცდილებას განიხილავს დაწყებული პატარა სტუდიებიდან, დასრულებული მასშტაბურ პროექტებზე მომუშავე გლობალური კომპანიებით. ამიტომ, ეს წიგნი ნებისმიერი არქიტექტორისთვის სამაგიდო წიგნად იქცევა. 

“არქიტექტურა ბუნებით ისეთი დისციპლინაა, რომელსაც საზოგადოების სოციალურ და მდგრად ფუნქციონირებაში უზარმაზარი განსხვავების გამოწვევა შეუძლია. არქიტექტურა პირველი პრიორიტეტია, მარკეტინგი კი მისი საუკეთესოდ გაყიდვის გადასაწყვეტი თავსატეხია,” - წერს კნიკერი და წიგნს საკუთარი გამოცდილების მოყოლით იწყებს. 
 
იან კნიკერი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა მან საკუთარი კარიერის ორი ათწლეული ისეთი საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიების განვითარებას მიუძღვნა, როგორებიცაა OMA და MVRDV. 

წიგნის შეძენას შეძლებთ ბმულზე