Book Of The Month / აგვისტო: არქიტექტურის ელემენტები
დიდი წიგნები ხშირად გვაშინებენ. ათასობით გვერდის დანახვისას ბევრს გვგონია, რომ წიგნი თავს მოგვაბეზრებს და მის წასაკითხად მონდომება საკმარისი არ იქნება, თუმცა ჰოლანდიელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის, რემ კულჰასის “არქიტექტურის ელემენტები” საპირისპიროს გვიმტკიცებს.
ეს 2600 გვერდიანი ნამუშევარი ცხადი მაგალითია იმისა, რომ არქიტექტურული წიგნები ვიზუალურად და შინაარსობრივად თანაბრად მრავალფეროვანი, მრავლისმომცემი და საინტერესო შეიძლება იყოს. “არქიტექტურის ელემენტები” ენციკლოპედიურ ინფორმაციას გვაწვდის იმ მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, რომელთა გარეშეც ვერცერთი ტიპის კონსტრუქცია იქნებოდა სრულყოფილი - იატაკი, ჭერი, სახურავი, კარი, კედელი, კიბე, ტუალეტი, ფანჯარა, ფასადი, აივანი, კორიდორი, ბუხარი, ესკალატორი, ლიფტი, პანდუსი.
“არქიტექტურის ელემენტების” შთამბეჭდავი გვერდების ფურცვლისას არქიტექტურის, როგორც დისციპლინის, მთელ სილამაზეს, კომპლექსურობას და ფიქრის ჯაჭვს ვწვდებით. წიგნის საოცარი დიზაინი, ფერთა სიუხვე, ფოტოები, ნახაზები და კონცეფციები, რომლებიც გვხვდება კი უფრო მეტის წაკითხვისა და დათვალიერების სურვილს გვიჩენს.
წიგნი ჰარვარდის დიზაინის სკოლასთან ერთად კოლაბორაციით შეიქმნა. ის პირველად 2014 წელს გამოიცა ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, 2018 წელს კი გამომცემლობა Taschen-მა მისი განახლებულ გამოცემას გაუწია კურირება.
ფლორიან კობლერის, Taschen-ის მმართველი რედაქტორის აზრით, „ამ წიგნის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ყველას შეუძლია მისი წაკითხვა. არ არის აუცილებელი არქიტექტორი იყოთ, რომ მისით ისიამოვნოთ.” კობლერი საპირფარეშოების თავს ასახელებს, როგორც მთავარ მაგალითს იმისა, თუ როგორ სცილდება არქიტექტურის ელემენტები წმინდა არქიტექტურულ თეორიას და ხდება უფრო ფართო სოციოლოგიური მნიშვნელობისა და ინტერესის მქონე. „შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს თავი და გაიგოთ, როგორ აშენებენ მამაკაცები და ქალები განსხვავებულად და რას ნიშნავს საპირფარეშოს მშენებლობა. სოციოლოგიურად ეს ხსნის, რატომ არის ქალების რიგი ყოველთვის გრძელი!” - წერს კობლერი.
ვფიქრობთ, ეს წიგნი ყველა იმ ადამიანს დააინტერესებს, რომელსაც მთლიანობის დეკომპოზიცია, მცირე დეტალების შეფასება და ახლებური პერსპექტივიდან დანახვა სურს. “არქიტექტურული ელემენტები” მეტია, ვიდრე უბრალოდ არქიტექტურაზე დაწერილი წიგნი - ეს ნამუშევარი შთაგონების , წმინდა ინტერესისა და თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებების წყაროა მათთვის, ვინც ხვდება, რომ არქიტექტურა არის ყველგან, იმ მცირე ელემენტებშიც კი, რომლებიც ხანდახან მხედველობის მიღმა გვრჩება.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ ამაზონზე.