საქანელას ქუჩის განვითარების კონცეფცია

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2017
სტატუსი: დასრულებული კონცეფცია
პროგრამა: სარეკრეაციო I მრავალფუნქციური I 20 200 კვ.მ
გუნდი: ნიკოლოზ გურაბანიძე, ბოკა კილასონია, სოფო ლომიძე, ბექა მელაძე, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი, გიორგი ხეცურიანი.

ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საქანელას ქუჩისა და მ.ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) ქუჩის მიმდებარედ, მისი ფართობია დაახლოებით 25,000 კვ.მ. ამჟამად ტერიტორია ძირითადად აუთვისებელია. 

საქანელას პროექტის მიზანია მოხდეს ტერიტორიის დატვირთვა იმგვარი ინიციატივებით, რომელთა განხორციელება ეტაპობრივად არის შესაძლებელი, არ მოითხოვს დიდი ზომის ინვესტიციას და ტერიტორიაზე არ აჩენს დიდი გაბარიტების მუდმივ ნაგებობებს,რათა მისი მომავალი განვითარების სურვილის შემთხვევაში მოხდეს ტერიტორიის მარტივად ათვისება. შეიქმნას ახალი საჯარო სივრცე სხვადასხვა აქტივობებისთვის, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.
სეგმენტი, რომელზეც გათვლილია პროექტი არის ქალაქის შერეული ასაკის მაცხოვრებლები და ჩამოსული სტუმრები. ეს იქნება ადგილი, სადაც გაატარებს დროს ნებისმიერი ასაკის, ფინანსური თუ ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანი. ალტერნატიული თავშეყრის ადგილი, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ. ხელოვანებს მიეცემათ საშუალება პერიოდულად გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები. 

პროექტის მიხედვით დროებითი ნაგებობებისა და კონტეინერებისაგან აწყობილი კონსტრუქციების საშუალებით მოხდება ისეთი სივრცეების მოწყობა, რომელიც მისცემს პოტენციურ მომხმარებელს ქალაქის ცენტრში, ღია სივრცეში თავისუფალი დროის გატარების საშუალებას. ასეთ ნაგებობებს გააჩნიათ შემდეგი პრიორიტეტები: მათი გამოყენება არ აყენებს დამატებით ზიანს გარემოს, არის მოხერხებული მრავალგვარი კონფიგურაციის შესაძლებლობით, ამცირებს პროექტის განხორციელების ვადებს და სწრაფად ექვემდებარება დემონტაჟს. 

განვითარების ფარგლებში იგეგმება ერთგვარი ურბანული ლანდშაფტის შექმნა, რომლის საშუალებითაც ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი შეემატება. ტერიტორიაზე განთავსდება საგამოფენო პავილიონები, საკონფერენციო დარბაზები, საბავშვო მოედნები, სასეირნო ბილიკები, გათვალისწინებული იქნება სივრცე პარკინგისთვის. ასევე განთავსდება საკვები და სავაჭრო ობიექტები, რომლებიც გასაქირავებელ ფართებად დაიგეგმება, ამას გარდა ინიციატივები მოიაზრებს სპორტულ და გასართობ აქტივობებს, როგორიცაა:

  1. სკეიტბორდის, სკუტერების და BMX-ის ტიპის ველოსიპედების აუზები, რამპები და სხვა ტიპის მოწყობილობები
  2. საცოცი კედლის მოწყობა, რომელიც კარგად ჯდება ტერიტორიის არსებულ ლანდშაფტში
  3. ქუჩის კალათბურთის მოედანი
  4. ამფითეატრი ღია ცის ქვეშ კონცერტების გასამართად.