თბილღვინოს ღვინის მარანი და ვიზიტორების ცენტრი
ლოკაცია: ყვარელი, საქართველო
პროექტის წელი: 2022
სტატუსი: მიმდინარე, კონკურსის გამარჯვებული































დამკვეთი: თბილღვინო
პროგრამა: საქვევრე და ვიზიტორების ცენტრი | 1670 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, ნატალია ნებიერიძე, დაჩი ჭეჟია, სალი კაცაძე, მარიამ გონგლაძე, თეო რეხვიაშვილი, ლილი ჯოხაძე
ღვინო, მისი კულტურულ-ტრადიციული არსით, მჭიდრო კავშირშია სარიტუალო და საკრალურ მნიშვნელობებთან, შესაბამისად მარანს, როგორც “საღვინე სახლს”, ღვინის დაყენებასა და შენახვასთან ერთად, ოდითგანვე საკრალურ-რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. მეღვინეობის მდიდარი ტრადიცია, მასზე მორგებულ არქიტექტურას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს. შენობა, რომლის მთავარი ფუნქცია ღვინის და ქვევრების შენახვა და მოვლაა, ამ კულტურული ნიშნების ერთობლიობის მეტაფორაა.
ღვინის მარნის არქიტექტურული კონცეფცია, კონტექსტის ანალიზითა და ინტუიციური განწყობების ერთობლიობით ჩამოყალიბდა. ერთი მხრივ ადგილობრივი მასალები, ქვევრების მდებარეობა, კლიმატური პირობები, ხოლო მეორე მხრივ ღვინის მარნის ტრადიციული საკრალიზებული არსი, არქიტექტურაში გაერთიანდა.
საპროექტო ტერიტორია კახეთში, ქ. ყვარელში, ნეკრესის მონასტრის გზისა და ილიას ტბის გზებს შორის მდებარეობს. ტერიტორიის ადგილმდებარეობამ დიდწილად განაპირობა სამშენებლო მასალის შერჩევა.
კახეთის რეგიონის და უშუალოდ ყვარლის ვერნაკულარული არქიტექტურის შესწავლამ - სამშენებლო მასალების, კონსტრუქციული, ფუნქციონალური და ტიპოლოგიური მახასიათებლების ანალიზმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მდგრადობის თვალსაზრისით, რადგან მდგრადი არქიტექტურის პრინციპებიდან ერთ-ერთი მთავარი სწორედ ადგილობრივი, ბუნებრივი მასალების გამოყენებაა.
შენობის ძირითად კონსტრუქციულ და სამშენებლო მასალად განისაზღვრა ტკეპნილი მიწა - ადგილობრივი მიწის, თიხის, სილისა და ხრეშის ნარევი. ტკეპნილი მიწის კონსტრუქცია იყენებს საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ადვილად ხელმისაწვდომ ბუნებრივ ნიადაგს, უზრუნველყოფს სასურველ თერმულ მასას და პრაქტიკულად არ აქვს უარყოფითი გავლენა გარემოზე. ამასთან, ტკეპნილი მიწის არქიტექტურა სამშენებლო პროცესის გამარტივების საშუალებასაც იძლევა. უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაზავის შექმნის საშუალება კი მდგრადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საპროექტო ტერიტორიაზე, ქვევრების არსებულ მდებარეობას მოერგო ახალი ცირკულაცია, რამაც თავად ქვევრებს შესძინა დამატებითი მნიშვნელობა და გაამძაფრა სივრცის სარიტუალო ცერემონიულობა.
შენობის მასიურ კედლებში დატანილი ფართო ღიობები მზის სხივების, შუქისა და ჰაერის შემოდინების გარდა, სტუმრებისადმი გახსნილობის სიმბოლოა. მძიმე მიწის კედლებსა და სახურავს შორის არსებული გრძივი ღიობი, განიავებასთან ერთად ხედზე მიმართული ფოკუსი და ერთგვარი ჩარჩოა. სახურავში ამოჭრილი ღიობები სინათლის, მზის სხივებისა და ბუნებრივი ნალექების შემოდინებით სივრცის საერთო სპირიტუალურ განწყობილებას ქმნის.
შენობის მთავარი ფუნქციები თავს იყრის ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც სტუმრების მისაღები, ღვინის ბარი, ბუხარი და სადეგუსტაციო სივრცეა კონცენტრირებული. შენობის ცენტრში მოთავსებულია აუზი, წვიმის წყლის შეგროვების მიზნით. შენობაში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ქვევრების სივრციდან, ასევე ცენტრალური ნაწილიდან და დარბაზიდან. შენობის ცენტრალურ ნაწილში - გარდამავალ სივრცეში, განთავსებულია წრიული კიბე, რომელიც დაკავშირებულია ტერასასთან, საიდანაც იშლება ხედები ვენახების, ნეკრესის მონასტრის მიმართულებით, ხოლო შიდა მხრიდან ტერასა დაჰყურებს და საქვევრე სივრცეს და წვიმის წყლის შეგროვების აუზს.
შენობის გამჭოლი სტრუქტურა და ღიობები მის ბუნებრივ განიავებას განაპირობებს, სახურავში ამოჭრილი სარკმლები დამატებით ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფენ. სახურავზე, სამხრეთი მხარეს განთავსებულია ფოტოვოლტარული (PV) პანელები.
მთლიანობაში, შენობის მიმართება გარემოსთან და მის შინაარსთან, ერთგვარი პერფორმატიული აქტია, ნიშნებით და სიმბოლოებით დატვირთული სამეტყველო ენაა, რაც თითოეულ არქიტექტურულ ელემენტში ისახება და შენობის დანიშნულებას პოეტურად ავლენს.