თიბისი ბანკის სათაო ოფისი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პროექტის წელი: 2012
სტატუსი: კონკურსი







დამკვეთი: თიბისი ბანკი
პროგრამა: საოფისე I 4 230 000 კვ.მ
პროგრამა: საოფისე I 4 230 000 კვ.მ
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნიკო ჯაფარიძე, ეკა კანკავა, დავით ცანავა, სალომე ღუდუშაური, ნიკოლოზ გურაბანიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, ეკა რეხვიაშვილი
არსებული ნაგებობა „ზაკვო“ აგებულია 70-იან წლებში. აშენდა საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალებისათვის და ეწოდებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. კომპლექსი განთავსებულია ვაკე-საბურთალოს გზასა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე, იპოდრომის მოპირდაპირე მხარეს. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ბლოკს. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ბლოკები ათი სართულის სიმაღლისაა. მეექვსე ბლოკი ოთხი სართულისგან შედგება. თითოეული მოცულობა მართკუთხა ფორმისაა. კარკასი აწყობილია რკინაბეტონის სვეტებითა და სართულშუა რკინაბეტონის ანაკრები ფილებისაგან. შენობას აქვს რუსული П-ს ფორმა.
პროექტის კონცეფციაა შენობისათვის ახალი სულის ჩაბერვა. მიზანია შეიქმნას მეტად პროდუქტიული, ჯანმრთელი და კომფორტული სამუშაო გარემო. მთავარ ფასადზე ათი მოდულის ზომის გეომეტრიული ფორმის ღიობია გამოთავისუფლდა, საიდანაც ატრიუმი გამოჩნდა. ატრიუმში ოვალური ფორმის მოცულობაა განთავსებული, რომლის დიზაინი თიბისი ბანკის ლოგოთი იყო ინსპირირებული. სხვადასხვა ხედვის კუთხიდან ეს მოცულობა ქმნის განსხვავებულ კომპოზიციებს იმის მიხედვით თუ სად იმყოფება სტუმარი, შენობის შიგნით თუ გარეთ. შენობის შუაგულისაკენ მიმავალი სტუმრებისათვის ატრიუმი მიმზიდველ სანახაობად იქცევა. ინტერიერში სიმწვანის შემოტანით იქმნება საერთო თავშეყრის ადგილი, გადახურული შიდა ეზო ოაზისის ასოციაციას ქმნის.
შენობის ფუნქცია განაწილებულია ორ ძირითად ნაწილად - „სიცარიელე“ და შიდა ეზო-ოაზისი. „სიცარიელე“ მოიცავს ლობის, მისაღებს, მომსახურების სივრცეს და ტერასებს მწეველებისათვის. ეს არის ერთგვარი ბუფერული ზონა ქუჩასა და შიდა ეზოს შორის. უფროსი მენეჯმენტის ოფისების სართულებზე მოხვედრა ხორციელდება პირველი დონიდან პანორამული ლიფტების მეშვეობით. ფასადის მინის კედლები იძლევა საშუალებას, რომ ტერასები გამოყენებულ იქნას პერსონალის მიერ როგორც სარეკრეაციო ან მოსაწევი სივრცე. ეზო აკავშირებს სამ დამოუკიდებელ მოცულობას პირველ სართულზე და ამგვარად ლობის გაგრძელებად აღიქმება. სუბტროპიკული მცენარეებით სავსე გადახურულ შიდა ეზოში მთელი წლის განმავლობაში სტაბილური ტემპერატურა შენარჩუნდება. სფეროს ფორმის მოცულობაში განთავსდება 50 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, სადაც მოხვედრა ხორციელდება ორანჟერეიდან ხიდის მეშვეობით. გეგმარების ამგვარი განაწილება მოხდა რიგი მოსაზრებების გათვალისწინების საფუძველზე:
- უპირველესად, მიზანი იყო შექმნილიყო ლობი-სიცარიელე, რომელიც ერთგვარი შემაკავშირებელი პუნქტი იქნებოდა შენობის კომპლექსსა და ორანჟერეას შორის.
- გადახურული შიდა ეზოს იდეა წამოვიდა ადამიანების თავშეყრის სურვილიდან, რომლებიც შეძლებენ მათთვის სასურველი მომსახურების მიღებას. თითოეული ბლოკი დამოუკიდებლად უერთდება შიდა ეზოს, რითაც პლატფორმა ხდება მორგებული და უსაფრთხო საკომუნიკაციო ზონა.
- შენობას გააჩნია ბაღი სახურავზე, სადაც მოხვედრა ხორციელდება პირდაპირ ლობიდან.
- მიწისქვეშა პარკინგი დაყოფილია ფუნქციურად, იმგვარად რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს საშუალება რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს მისთვის სასურველ ბლოკს. უფროსი მენეჯმენტის ოფისებისთვის განკუთვნილია ცალკე შესასვლელი და სივრცე პარკინგში, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მათთვის განკუთვნილ საოფისე სართულთან.